მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო

„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებებზე და ზოგადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩაერევა.
მაჭავარიანი დიპლომატების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო. უამრავი მაგალითია, შეგვიძლია გავიხსენოთ 27-ვე ქვეყნის ელჩმა რომ მოგვიწყო დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილს ჩვენ ვკლავდით და ვაწამებდით.
ქალბატონი კელი დეგნანი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. იგივე ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც ძალიან უხეშად ერეოდა წინასაარჩევნო პერიოდში და ფაქტობრივად, ირიბად, მოუწოდა ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“.
ის დუმილი, როდესაც ისინი ხმას არ იღებენ იმასთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირიდან დაფინანსებული ენჯეოორგანიზაციები აქ ეწევიან კლასიკურ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ფსიქოლოგიურად ძალადობენ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებზე, ამას არ გმობენ, ისინი ჩვეულებრივად ხვდებიან ამ ყველაფერს და ამითაც, რა თქმა უნდა, ირიბადაც და პირდაპირაც ახალისებენ, რომ შემდგომ განვითარდეს იგივე ტიპის ძალადობა საქართველოში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.