მაჭავარიანი: დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული. ისიც არ არის გამორიცხული, რომ აპრილამდე კონკრეტულ მიმართულებებზე შემცირდეს ფასები
ფასების რეგულირების მიზნით, სამთავრობო კომისიის მუშაობა გრძელდება.
საკოორდინაციო ჯგუფის წევრები დღეს საწვავის იმპორტიორებს შეხვდებიან.
კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს. მომდევნო კვირიდან კი საკითხზე მუშაობას საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.
„არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიც დაგვჭირდეს. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ თუ როგორი მუშაობა მიმდინარეობს ფასების შემცირების კუთხით. მომავალ კვირას პარლამენტიც ჩაერთვება ამ სამუშაოში და დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული. კონკრეტულ სივრცეს ვხედავთ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და ისიც არ არის გამორიცხული, რომ აპრილამდეც კონკრეტულ მიმართულებებზე შემცირდეს ფასები“, - აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.