მაჭავარიანი აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის სანქცირებაზე: ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით იყო
„ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში. არა მხოლოდ ევრობიუროკრატებთან მიმართებით, ღირებულებების ნაწილში, ომთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად არცერთ საკითხში არ არის აცდენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ის აშშ-ის მიერ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველო ითხოვს თანასწორ დამოკიდებულებას ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან.
„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ასწავლის ევროკავშირს და ევრობიუროკრატებს, თუ რა არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, იქ ძალიან მწვავედ უყენებენ საკითხს ცენზურასთან და საწინააღმდეგო აზრის ჩახშობასთან დაკავშირებით. ეს სანქციები სწორედ ამას ემსახურებოდა. ძალიან კარგია, ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით იყო.
ევრობიუროკრატები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს პრეტენზიები და ფაქტებსა და არგუმენტებზე დაფუძნებული ბრალდებები მხოლოდ საქართველოდან აღარ მიდის. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ ვალდებულები ვიყავით, რომ იქიდან მომავალ უსამართლობაზე პასუხი გაგვეცა, ვინაიდან ჩვენ დაბალი ღობე არავისთვის ვართ. შესაბამისად, ვითხოვთ თანასწორ დამოკიდებულებას ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.