ლორა თორნტონი გრანტების შესახებ კანონზე: ჩემი ქართველი გერებისთვის დაბადების დღის საჩუქრის გაგზავნაც კი შეიძლება კრიმინალური ქმედება იყოს, რადგან ისინი ყოველ საღამოს აქციებზე გადიან
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს მართავს.
ბრიფინგის პანელისტებად მოწვეულნი არიან McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
ლორა თორნტონის მტკიცებით, „ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის რუსეთთან იყო დაკავშირებული“.
„ანტიდასავლური რიტორიკა სწრაფად გადაიზარდა თავდასხმებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელისუფლების კონტროლის მექანიზმს წარმოადგენენ და მათ „სახელმწიფოს მტრებად“ შერაცხვაში“, - აღნიშნა მან.
ლორა თორნტონმა, ასევე, განაცხადა, რომ „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო სწრაფად მივიდა რუსეთის და არა უკრაინის დასახმარებლად და ისინი დღემდე ასრულებენ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტის როლს“.
მან, ასევე, ისაუბრა საქართველოში მიღებულ კანონებზე, კერძოდ, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე.
„მათ ცვლილებები შეიტანეს გრანტების შესახებ კანონში, რომელიც უცხოური ფულის მიღებას იმ დონემდე აკრძალავს, რომ ჩემი ქართველი გერებისთვის დაბადების დღის საჩუქრის გაგზავნაც კი შეიძლება კრიმინალური ქმედება იყოს, რადგან ისინი ყოველ საღამოს აქციებზე გადიან“, - დასძინა მან.