Loading data...
კახა კალაძე: 2026 წელი განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქალაქისთვის, ამ მასშტაბის ბიუჯეტი არასდროს გვქონია, დღეს გვაქვს შესაძლებლობა საინტერესო პროექტები განვახორციელოთ თბილისისთვის

„2026 წელი განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქალაქისთვის, ამ მასშტაბის ბიუჯეტი არასდროს გვქონია. დღეს გვაქვს შესაძლებლობა საინტერესო პროექტები განვახორციელოთ თბილისისთვის. ამ ყველაფერში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“, პრემიერ მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული ბიუჯეტი და პროექტების განხორციელება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიას ქალაქთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს.

„გამოცხადებული გვაქვს ტრამვაის პროექტი, მარტის ბოლოს გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია და დაახლოებით 18 თვე დასჭირდება პროექტის განხორციელებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი. ჩვენს ქალაქს ძალიან უხდებოდა ტრამვაი და ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს ყველა განვითარებულ ქალაქში.

ასევე, ბეთანიის მთაზე ვაპირებთ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას, სადაც არა მხოლოდ ზამთრის თვეებში, შესაძლებელი იქნება აღნიშნული ფერდის გამოყენება, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. იქნება ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი, სადაც ადამიანებს ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა.

ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ოჯახს დედაქალაქში აწუხებს ავარიული ლიფტები. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა უსაფრთხოების და ყველა თვალსაზრისით. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, თბილისში არ იქნება არც ერთი ავარიული ლიფტი. ყველა იქნება ჩანაცვლებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ, ასევე, ისაუბრა ძველი თბილისის რეაბილიტაციასა და განახლებაზე.

„დავაანონსეთ ინგოროყვას და სულხან-საბას ქუჩის სრული რეაბილიტაცია თვისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ამ ქუჩებზე არსებული შენობა-ნაგებობები მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ვაგრძელებთ ისტორიული უბნების გაცოცხლებას და განახლებას.

დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი ქალაქი ნამდვილად არ იმსახურებს ისეთ რუსთაველის გამზირს, როგორც დღეს გამოიყურება“, - განმარტა კალაძემ.