ლევან ჟორჟოლიანი ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშზე: საქართველო ადმინისტრაციული გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა, გამჭვირვალობის მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საჯაროა, რაც აზღვევს კორუფციულ რისკებს
საქართველო ადმინისტრაციული გამჭვირვალობით ევროპაში არის პირველ ადგილზე ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის შეფასების მიხედვით, აღნიშნული ანგარიში ევროკავშირის, ევროკომისიის დაკვეთით მომზადდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო პირველ ადგილს ინაწილებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა - ესტონეთი, საფრანგეთი, სლოვენია და ა.შ.
„მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში, გამოვყოფ სამთავრობო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მომენტალურად, შეიძლება ითქვას, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ყველა განკარგულება არის საჯარო, რაც რასაკვირველია აზღვევს კორუფციულ რისკებს. ყველა პირს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება მთავრობის მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანიზაციებთან მიმართებით. საჯაროა აბსოლუტურად აუდიტის ყველა დასკვნა, რომელიც მზადდება, საჯარო არის ყველა ის კონტრაქტი, რომელიც იდება, თუ ეს კომერციული საიდუმლოება არაა, რასაკვირველია, საჯარო უწყებების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბანკების გამჭვირვალობას შეეხება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.