Loading data...
ლევან მგალობლიშვილი: „ქართული ოცნება" არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია

„ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია,“ - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მგალობლიშვილის თქმით, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და უზარმაზარი ზეწოლისა, ხელისუფლებამ ღირსეულად შეინარჩუნა მშვიდობა და არ დაუშვა საქართველოს ომში ჩაბმა. 

„13 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, საქართველოს უკეთესი მომავლის რწმენით და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებულმა ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დააფუძნეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ეს იყო დასაწყისი ისტორიული ცვლილებების, რომელმაც ქვეყანას მისცა შანსი – მშვიდობიანი გზით დაეტოვებინა ავტორიტარული რეჟიმი და დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ, სამართლიანობისკენ გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი.

დღეს, 13 წლის შემდეგაც, ჩვენი მიზნები უცვლელია – სახელმწიფო ინტერესების დაცვა, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ისტორიული არჩევანის – ევროპული ინტეგრაციისკენ ურყევი სვლა.

„ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და უზარმაზარი ზეწოლისა, ხელისუფლებამ ღირსეულად შეინარჩუნა მშვიდობა და არ დაუშვა საქართველოს ომში ჩაბმა.

გამოწვევები, შიდა თუ გარე საფრთხეები კვლავ რეალურია, მაგრამ ჩვენი ძალა ხალხის ნდობაშია, სწორედ ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა – უკეთესი საქართველოს შენება!

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკას ახორციელებს. დღეს უკვე ჩანს დადებითი იმპულსები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან – საზოგადოებრივი განწყობები იცვლება.

ეს ყველაფერი პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია. ეს არის გზა, რომელიც ქართველსაც და აფხაზსაც საბოლოოდ მშვიდობიან თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს!

გილოცავთ 13 წლის იუბილეს! ეს არის გამარჯვების გზა, რომელსაც ერთად გავდივართ ღირსებით – მშვიდობიანი და გაერთიანებული საქართველოსკენ!“, - აცხადებს მგალობლიშვილი.