ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს
რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „პოლიტიკოს“ სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ ფორმატს.
„ეს განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, არის სულ ცოტა ცინიკური განცხადებები, იმიტომ რომ ისინი უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას, მათთან ერთად ამ გზის უმოკლეს ვადებში გავლას და დღეს, ასე ღიად, მაშინ როდესაც იბომბება უკრაინული ქალაქები და ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად კარი ცხვირწინ მიუხურეს. ამით შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
მთელი ეს სცენარი თავიდანვე ნათელი იყო და რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით. დღეს ის ადამიანები, ვინც ამ დაპირებებს გასცემდნენ არიან დამალულები თბილ ოთახებში“, - აცხადებს მახაშვილი.