ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ბევრმა ვერ გაიგო, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ფუფუნება, საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ - მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია
„როგორც ჩანს, ბევრმა ვერ გაიგო ერთი რამ: პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი დიპლომატია.
„33 თავიდან ორი თავია, სადაც უკუსვლაზეა საუბარი. პირველი - 23-ე თავია (მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები), ხოლო მეორე - 31-ე თავი (საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები). დეტალურად ჩავყვეთ, თუ რატომ არის ეს მონიშნული, როგორც დემოკრატიის ან, ზოგადად, ქვეყნის უკუსვლა.
დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით: აქ უკუსვლაზე საუბარია მხოლოდ იმის გამო, რომ 40 პროცენტის ნაცვლად (რაც წინა წელს გვქონდა), საქართველო დღეს კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებათა 38 პროცენტს შეუერთდა. საუბარია ძირითადად ოთხ ქვეყანაზე - ისრაელზე, ირანზე, რუსეთსა და ბელარუსზე. როგორც ჩანს, ბევრმა ვერ გაიგო, რომ ამ სიტყვის კარგი გაგებით პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ფუფუნება, საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია, რადგან ეკონომიკური წინსვლა ციდან არ ცვივა, ეს სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია“, - აღნიშნა მახაშვილმა.