ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რომლითაც ქვეყანა ეროვნულ თავმოყვარეობას კარგავს.
„გეტყვით, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობა გვქონოდა და არ დაწყებულიყო შანტაჟი, წნეხი და დეზინფორმაციის გავრცელება: ხმამაღლა უნდა გველანძღა რუსეთი, დაგვეწესებინა მისთვის სანქციები, გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღება გადაგვეცა. ამ შემთხვევაში, გარანტირებულად გვექნებოდა იდეალური ურთიერთობა ბრიუსელთან.
მაგრამ ახლა ვკითხოთ ქართველ ხალხს: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს ჩვენი მხრიდან? რა თქმა უნდა, ეს რუსეთთან ესკალაციას გამოიწვევდა, შესაბამისად, სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.
შანტაჟისა და წნეხის მიუხედავად, ერთადერთი პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რაც არსებობდა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უკან ვერავინ დაგვახევინებს.
მეორე საკითხია - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან მეგობრული და თბილი ურთიერთობა აღდგეს:
პირველი - მთლიანად უნდა დავუთმოთ სუვერენიტეტი ბრიუსელს. ისინი ითხოვენ, რომ მოსამართლეები უცხოეთიდან დაინიშნონ; ითხოვენ, რომ მათ მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების ყველა შტოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღონ; ითხოვენ, ცესკოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე აგენტურულ ოპოზიციას გადავულოცოთ.
ამის შემდეგ, ჩვენ საკუთარი თავი და ქართველი ხალხი უნდა დავაჯეროთ იმაში, რომ ბრიუსელიდან დაორგანიზებული აქციები მშვიდობიანი იყო; რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი დანაშაულს არ ჩადიოდა და ეს ადამიანები, როგორც გვიწერენ, „თვითნებურად დაკავებულები“ და „პოლიტიკური დევნილები“ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით 2024 წელს პარლამენტსა და პოლიციაზე შტურმს, ხოლო 2025 წელს - პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ ეს ასე არ ყოფილა და, თურმე, პარალელურ რეალობაში ვცხოვრობდით.
ასევე, საკუთარი თავი და საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ საქართველო შავ ზღვას არ ესაზღვრება და შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა არ ვართ.
ამასთან ერთად, უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს, გავაუქმოთ ანტი-ლგბტ კანონი, ხელი შევუწყოთ ლგბტ პროპაგანდას და დავიჯეროთ, რომ ორ სქესზე მეტი არსებობს - კაცი ქალად გადაკეთდება და პირიქით.
გარდა ამისა, უნდა გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და ისევ შავი ფული ატრიალონ ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგაურმა.
ეს იმ ნაბიჯების არასრული ჩამონათვალია, რაც ბრიუსელთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობის აღსადგენად უნდა გადავდგათ.
ვეკითხები საქართველოს მოქალაქეს - გვაწყობს ამ ყველაფრის გაკეთება?! ეს ანადგურებს ეროვნულ ინტერესებს და ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ სისულელეებს დავიჯერებთ და ხალხს დავაჯერებთ, ჩვენ ვკარგავთ ეროვნულ თავმოყვარეობას. შესაბამისად, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ და არ გადავდგამთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.