ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO არ ემსახურება მის ინტერესებს, ვფიქრობ, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში
როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ GRECO-ს დატოვების საკითხზე საუბრისას.
მახაშვილის თქმით, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში.
„ფაქტი ერთია, ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, ამ ტიპის ორგანიზაციები როგორ ემსახურებიან არა ქვეყნების ინტერესებს, არა მათ რეფორმებს, არამედ სხვა არაფორმალურ ინტერესებს როგორ ატარებენ. ეს გახდა თავის დროზე ამერიკის მხრიდან ვენეციის კომისიის და მასთან ერთად 50-ზე მეტი სხვა ორგანიზაციის დატოვების მიზეზი. როგორც ჩანს, ამერიკამაც გააცნობიერა, რომ GRECO (ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი) არ ემსახურება მის ინტერესებს. ვფიქრობ, დადგა დრო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაიაზრონ საკუთარი როლი დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში - ისინი იქმნებიან წევრი სახელმწიფოების ინტერესების უკეთ მომსახურებისთვის და არა მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა მახაშვილმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ GRECO-დან გასვლის შესახებ ევროპის საბჭოს ოფიციალურად 28 სექტემბერს აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ორგანიზაციაში მონაწილეობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ხელშესახებ სარგებელს არ მოუტანს.