Loading data...
ლევან მახაშვილი: ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე

„ვხედავთ, რომ წევრ ქვეყნებში ამის [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] მზაობა არ არის. არათუ გამკაცრების, არამედ, პირიქით, შერბილებისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების მცდელობაა“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან და ობიექტურ მიდგომას ითხოვს:

„უცხოური ჩარევების გამო ევროკავშირში არაერთი ელჩის გაძევება ვიხილეთ; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთ ქვეყანაში არჩევნები გააუქმეს უცხოური ჩარევების გამო. ბრიუსელისგან განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ - ვითხოვთ სამართლიან, ობიექტურ მიდგომას ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე. ამ ფორმით მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატსა და ნებისმიერ საკითხზე. თბილისი მზად არის დიალოგისთვის იმ მიზნით, რომ პრობლემური საკითხები მოვაგვაროთ და, სადაც შესაძლებელია, კომპრომისებზე წავიდეთ“, - აღნიშნა მან.

მახაშვილმა ასევე უპასუხა ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოლდოვა-უკრაინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას:

„არ მინდა, ამ ქვეყნებზე ბევრი ვისაუბრო, ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც იქ ხდება. არავის ვედრებით, შედარებების გაკეთებას მხოლოდ მაშინ ვცდილობთ, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში გვადარებენ ხან უკრაინას და ხან მოლდოვას. ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“, - დასძინა ლევან მახაშვილმა.