ლევან მახაშვილი: ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც
„შეუძლებელია საქართველოს მოუწოდებდნენ სადმე დაბრუნებისკენ, როდესაც თავად კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ პოლიტიკური ფული ატრიალონ სხვადასხვა სახელმწიფოში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
დეპუტატმა უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, მათ შორის, იმას, რომ „საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას“.
„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ იგივე, ამერიკის მაგალითზე, როდესაც დონალდ ტრამპმა დახურა USAID-ი და ყველასთვის ცხადი და ნათელი გახდა, თურმე სად მიდიოდა გადასახადების გადამხდელების ფული. იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებიდანაც და რაც უფრო დიდხანს შეეცდებიან ამ თემის დამალვას, რუსული იარლიყების მიწებებას, საქართველოსკენ თითის გაშვერას, მით უფრო უარესი იქნება მათივე რეპუტაციისთვის, რადგან ადრე თუ გვიან ყველა სქემა და მანიპულაცია ცხადი იქნება.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ, მოვერიდოთ კრიტიკას, რადგან, ადრე თუ გვიან უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისე არ უნდა მოიქცნენ, რომ ქართველ ხალხთან მისასვლელი გზა, სალაპარაკო პირი არ ჰქონდეთ. რაც უფრო პრაგმატულად და რაციონალურად მიუდგებიან დიალოგს, მით უკეთესი ჩვენთვისაც და ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა მახაშვილმა.