ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
„ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება.
„რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთოს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი?
ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.
ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე “სრულიად შემთხვევით” ბატონ ჯო უილსონთანაც არის დაკავშირებული. ბატონო თავმჯდომარევ, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.