ლევან მახაშვილი: IRI-ის კვლევით ვხედავთ, რომ ოპოზიცია დაშლილი და დაქუცმაცებულია, არჩევნების მიღმა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პროექტი ჩავარდა
„მოქალაქეები „ქართულ ოცნებას“ ენდობიან და ხელისუფლებას ანდობენ, რადგან იციან, რომ მმართველი გუნდი ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა IRI-ის კვლევის შედეგებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ კვლევიდან გამომდინარე კარგად ჩანს საზოგადოების განწყობები.
„ამ კვლევიდან საზოგადოების განწყობები კარგად ჩანს. მოქალაქეები ხედავენ, ვინ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკაში. ისინი „ქართულ ოცნებას“ ენდობიან და ხელისუფლებას ანდობენ, რადგან იციან, რომ მმართველი გუნდი ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს. ამ კვლევით ვხედავთ იმასაც, რომ ოპოზიცია დაშლილი და დაქუცმაცებულია. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, თუ რას აკეთებდა გასული წლების განმავლობაში. ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც სჭირდებოდა საზოგადოებას. არჩევნების მიღმა ხელისუფლების ძალადობითი გზით შეცვლის პროექტი ჩავარდა. სწორედ იმიტომ ჩავარდა, რომ მთელი ეს დრამა ტყუილებს ემსახურებოდა. საზოგადოებას კვლევის თაობაზე ინფორმაციას უმალავენ, რადგან მათ სიყალბეს გააშიშვლებდა, რასაც წლებია, საზოგადოებას ეუბნებიან. ჭკუას ვერ სწავლობენ, მათთვის მთავარია ის, თუ რა ინსტრუქციას მიიღებენ გარედან“, – განაცხადა მახაშვილმა.