Loading data...
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ და ნაგავში გადავაგდებ - სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს

მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ხელისუფლების სურვილი იყო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის დოკუმენტების გამოყენება, თუმცა ეს რეზოლუცია „ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლებია“, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის მაკულატურაში გადაგდებით უფრო მეტ ღირებულებას იძენს.

„ჩვენ სურვილი გვქონდა, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გვეთანამშრომლა და მათ შორის, დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო, მეტი არაფერი, რომლებსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს, გითხარით და იმავეს გავუკეთებ – ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ შემდეგ უკეთესი მიზნებისთვის, რომლებსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. შვიდი რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა ხვალ გაიმართება.