Loading data...
ლევან მახაშვილი ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამ ტიპის ბრალდებები ხაზს უსვამს, რომ სისტემას სჭირდება გამჭვირვალობა, ღიაობა და მაქსიმალურად ანგარიშვალდებულება

„იმდენად დახურული და გაუმჭვირვალეა ეს სისტემა, რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტულ კვალზე გახვიდე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ტიპის ბრალდებები ხაზს უსვამს, რომ სისტემას სჭირდება გამჭვირვალობა, ღიაობა და მაქსიმალურად ანგარიშვალდებულება.

„ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული სქემები, რისი დახმარებითაც და რისი საშუალებითაც ფული ილექება ისეთ პროცესებში, რომელიც არ არის ადგილობრივი სახელმწიფოების თუ ხალხების ინტერესებში. მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ყველამ იმისთვის, რომ გახსნან ასეთი დაფარული სქემები, მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა გამოჩნდეს სად მიდის ფული და თუ რაღაც ისეთში იხარჯება, რაც არ არის კანონის შესაბამისი, ამასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.