Loading data...
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში ეს ცალმხრივ დოკუმენტად რჩება, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი - ელჩის მხრიდან ითქვა და გამოჩნდა კიდეც, რომ ინფორმაციები NGO-ების ანგარიშებიდან მიდის

„დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში ეს ცალმხრივ დოკუმენტად რჩება, ამიტომაც არის აუცილებელი დიალოგი“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უცვლელი ბრალდებების კორიანტელი და სამართლებრივი პროცესების ზედმეტად პოლიტიზებული შეფასებები მოისმინა.

„სინამდვილეში, ამ „ლამაზი“ სიტყვების უკან იმალება, ერთი მხრივ, არაკომპეტენტურობა და, მეორე მხრივ, ის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც საქართველოს მიმართ არსებობს.

მეთოდოლოგიურად საქმე ძალიან მარტივად არის: ეს არის ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი. საზოგადოებამ რომ იცოდეს, თუ როგორ ხდება ამ დოკუმენტის მომზადება ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით - სანამ ევროკავშირი ურთიერთობებს გაყინავდა, მთელი წლის განმავლობაში 20-25 შეხვედრა ტარდებოდა შესაბამის სამინისტროებთან, დეპარტამენტებსა და სამმართველოებთან, იმართებოდა დისკუსიები და კონფერენციები, ჩავდიოდით ყველა დეტალსა და სიღრმისეულ ანალიზში. უკვე ორი წელია ეს ურთიერთობები გაყინულია და სწორედ ამიტომაც არის, რომ ამ დოკუმენტში არანაირი სიახლე არ არის. ჩვენი მოწოდებაც სწორედ ეს არის: აუცილებელია დიალოგი იმისთვის, რომ ეს მხოლოდ ბრიუსელის დოკუმენტად კი არ დარჩეს, არამედ ობიექტური დოკუმენტი იყოს.

თავად ელჩის მხრიდანაც ითქვა და გამოჩნდა კიდეც, თუ საიდან მიდის ინფორმაციები (ევროკავშირის საელჩოს გარდა): ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. როდესაც არაერთხელ ჩაეკითხნენ, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მათ აქვთ ურთიერთობა NGO-ებთან და არსებობს შესაბამისი ანგარიშები. შესაბამისად, ყველაფერი გასაგებია, თუ ვისგან მიდის ეს ინფორმაციები.

დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში ეს ცალმხრივ დოკუმენტად რჩება - სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, ობიექტურობა და საქართველოს როგორც მიღწევების, ისე გამოწვევების სამართლიანი შეფასებაა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.