ლევან მახაშვილი: ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რასაც გასული სამი წლის განმავლობაში ატარებდა, სრულ კრახამდე მივიდა

ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რასაც გასული მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ატარებდა, სრულ კრახამდე მივიდა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
მახაშვილის შეფასებით, თუკი ვინმეს და რამეს აზიანებს ეს პოლიტიკა, თვითონ ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის საქართველოსთან დიალოგის მთავარი პირობა მშვიდობის პოლიტიკის დაცვა და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის პატივისცემაა.
„ბოლო პერიოდში შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ წევრი ქვეყნები ამ პოლიტიკის კრახს აცნობიერებენ და შიგნიდანაც ეტაპობრივად იზრდება წნეხი, რომ მოხდეს ამ პოლიტიკის გადახედვა საქართველოსთან დაკავშირებით, ამ ჭირვეულის პოზიციიდან გამოსვლა და ურთიერთობების ნორმალურ, ცივილურ ჩარჩოებში დაბრუნება.
ამიტომ დიალოგის მთავარი პირობა ჩვენთვის, ბუნებრივია, არის მშვიდობის პოლიტიკის დაცვა და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის პატივისცემა. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, გაგვიჭირდება რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ერთგვარი წითელი ხაზი. მაგრამ, მე მგონი, ყველა რაციონალური, ცივილური, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მშვიდობის პოლიტიკა ის ხაზია, რაც ურთიერთობების აღდგენის საერთო ფუნდამენტი უნდა იყოს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, საღი აზრის და სიმართლის გამარჯვების იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ, როგორც აშშ-ში მოხდა, ევროპაც რაღაც ეტაპზე გამოიღვიძებს და შემოუბრუნდება ცივილურ, ნორმალურ აზრსა და განსჯას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.