ლევან მახაშვილი დანიაში აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე: ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან - დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები
„უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი საქართველოსთან მიმართებით“, - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებულ პროცესებს, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
მახაშვილის განცხადებით, საქართველოში რომ იმის მეათედი მომხდარიყო, რაც კადრებში ჩანს, ბრიუსელი თუ ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქები რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ.
მისი თქმით, როდესაც ევრობიუროკრატები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის გამოც კი აკრიტიკებენ, ამ დროს, საკუთარ სახელმწიფოებში ჩადენილ ქმედებებზე არაფერს ამბობენ. "ჩვენს სახელმწიფოს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, რაც საზოგადოებამ კადრებში ნახა, მხოლოდ წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ან ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან - გადააყოლებდნენ სახელმწიფოს, რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ, გააშავებდნენ ქვეყანას. ნამდვილად დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ორმაგ სტანდარტს საკუთარ პოზიციაში, რომ თურმე, შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცნენ და ჩვენს ქვეყანას, არ აქვს უფლება, მაგალითად, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა, დანიური გადამზიდი გიგანტის - „მაერსკის“ სათავო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს რომლის დასაშლელად, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენელსაც. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, თუმცა, პოლიციამ კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანების ადგილიდან უბრალოდ გაყვანა და ასეთ დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიზიკური ძალის გამოყენება.
„ქრონიკამ“ დანიის საელჩოს კითხვით მიმართა, როგორია მათი პოზიცია - შეილახა თუ არა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება და მოხდა თუ არა მედია საქმიანობაში ხელის შეშლა. საელჩომ კითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამისამართა.