ლევან მახაშვილი: ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ალბათ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი ან თავს იტყუებს, ან უარეს შემთხვევაში, რეალობის აღქმა აქვს დაკარგული
„ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ალბათ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი ან თავს იტყუებს, ან უარეს შემთხვევაში, რეალობის აღქმა აქვს დაკარგული“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი უსამართლო პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.
„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელის პოლიტიკა არის ბრმა თვითდინება. არიან წლების განმავლობაში საკუთარი პოლიტიკის თუ პოლიტიკური შეცდომების მსხვერპლი და იმის ნაცვლად, რომ სახე შეინარჩუნონ, რეალისტურად, ჯანსაღად შეხედონ მოვლენებს კვლავ აგრძელებენ საკუთარი ძველი, არასწორი, უსამართლო პოლიტიკის გატარებას.
ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტად ეფუძნება პოლიტიკურ ინტერესებს და უფრო ნაკლებად მოსურნე ქვეყნების მხრიდან რეალურ პროგრესს. თუ ამ პოლიტიკურ ინტერესში ჯდება, მაშინ თურმე შესაძლებელია, თვალი დახუჭო ისტორიული მასშტაბის კორუფციულ სკანდალებზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, მედიების ტოტალურ კონტროლზე“, - აღნიშნავს მახაშვილი.