ლევან მახაშვილი: აშშ-ში ვიზიტების მთავარი მიზანია, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს მიღებული და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს, ეს იქნება მთავარი საზომი
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტების მთავარი მიზანია არა უბრალოდ საუბარი საუბრისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენა.
ლევან მახაშვილი საქართველოს პირველ არხთან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ურთიერთობის გადატვირთვაზე როდესაც არის საუბარი, ხშირად მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა და ინფორმაციული ვაკუუმია.
„მსგავსი სახის ვიზიტები და კომუნიკაცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ერთმანეთის ინტერესებში გავერკვეთ და ეს ინტერესები დავაახლოოთ, რამდენადაც იქნება შესაძლებელი.
ამ ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ორივე მხარეს გაგვეცვალა საერთო ინტერესები და პოზიციები, რასაც ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს. ამიტომ ამ მხრივ ნაყოფიერი და საინტერესო ვიზიტი იყო.
იმედია, მსგავსი კომუნიკაცია გაგრძელდება. მთავარი მიზანია, არა უბრალოდ საუბარი საუბრისთვის, არამედ იყოს კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მიღებული და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. ეს იქნება მთავარი საზომი ამ სახის ვიზიტების და შეხვედრების“, - აღნიშნა მახაშვილმა.