Loading data...
ლევან მახაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის შეხსენებაზე: მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვუწოდებთ, რომ ასევე, მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, თბილისში აფასებენ.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის ასეთ მიდგომას.

„ამერიკის მხრიდან ეს განცხადება არის სრულიად ბუნებრივი. ასეთია ყველა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოს რეაქცია ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნიდან უკანონოდ, კანონების გვერდის ავლით შიდა პოლიტიკაში ჩარევა და საზოგადოების მოსაზრებებზე ზეგავლენის მოხდენას.

ამიტომ მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვიწოდებთ, რომ ასევე, მიესალმონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს საზოგადოების არჩევანის, სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.