ლევან მაჭავარიანი: ვიზების აღება პრობლემა არ არის, ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ პატარა დისკომფორტით ისეთ ნაბიჯს გადაგადგმევინებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, ძალიან ცდება
საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ ვერანაირი შანტაჟი, ზეწოლა და დისკომფორტი ჩვენ ვერ გადაგადგმევინებს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ვიზის აღება პრობლემას არ წარმოადგენს.
„საფრთხეებზე როდესაც ვსაუბრობთ, იმდენად ირაციონალურად და ალოგიკურად იქცევიან ეს ევრობიუროკრატები, რომ თავს ვერაფერზე დავდებთ. მათივე საქციელიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ამ ყველაფრის პროგნოზირება, შეუჩერებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოსახლეობას, მით უფრო იმის ფონზე, როდესაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მდიდარი „ენჯეოები“, ბატონი ფიშერი, ბატონი ჰერჩინსკი ნატრულობენ და ლოცულობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს, მათი მხრიდან ეს უკვე მესამე განცხადება იყო. ჩვენ, უკვე დიდი ხანია, ვიცით, რომ საქმიანი ვიზიტების შემთხვევაში ვიზის აღება მოგვიწევს, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
თუ ახლა ვიღაცა ფიქრობს, რომ პატარა დისკომფორტის შექმნით ისეთ ნაბიჯს გადაგადგმევინებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, ამაში ძალიან ცდება. ასეთი იქნება დისკომფორტი თუ გაცილებით დიდი დისკომფორტი იქნება - ჩვენ ისეთი შანტაჟის, ზეწოლისა და წნეხის ფონზე გავიარეთ გასული ოთხი წელი, რომ ეს ზღვაში წვეთია.
შესაბამისად, საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ ვერანაირი შანტაჟი, ზეწოლა და დისკომფორტი ჩვენ ვერ გადაგადგმევინებს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.