Loading data...
ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან, ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან, ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის პროცესს შეაჩერებს.

„ეს ტყვია მათი მხრიდან, ჩემი აზრით, გამოყენებული არ იქნება, მით უმეტეს, არ არის საარჩევნო წელი. ეს რომ საარჩევნო წელი იყოს, ან მომდევნო წელი იყოს, მაშინ შეიძლება სხვანაირად გვემსჯელა. ამასობაში, სანამ არჩევნები მოვა, ისინი დარწმუნდებიან იმაში და უფრო მალე დარწმუნდებიან, ვინაიდან შუა დერეფნის თემა არის გაასმაგებული და თვითონ ჩქარობს ბრიუსელი რაღაც ნაბიჯების გადადგმას და უკვე რწმუნდება, რომ გამარგინალებულია ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია. თავიდან ბოლომდე თვითონ კვებავენ თავიანთი ნარატივით. აბსოლუტურად ყველაფერს რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად ისინი აკეთებენ, თუმცა არაფერი ეშველა ოპოზიციას. შესაბამისად, მათ მოუწევთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუსხდნენ და ესაუბრონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმისთვის, რომ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, გაცხადებული გვაქვს ყველა დონეზე, რომ შეგვიძლია გადავფურცლოთ ეს უსამართლობები და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობები, ვინაიდან ეს პოლიტიკა არის, აქ ემოციების დრო და ადგილი, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა პარიზში, კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ერთგვარი სიგნალია, რომ ევროკავშირი ცდილობს ურთიერთობების გალღობას.