Loading data...
ლევან მაჭავარიანი: უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს?

როგორ ბედავენ კაია კალასი და მარტა კოსი რამე ტიპის განცხადების გაკეთებას ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მათ დაივიწყეს უკრაინისთვის მიცემული პირობა, ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე. 

„ჩვენ როდესაც მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი, ანალოგიური გვესმოდა კაია კალასისა და მარტა კოსის მხრიდან, თითქოს ადამიანის უფლებებს ლახავდა. გარე, ან, თუნდაც შიდა აქტორებს ვეკითხებოდით, დაესახელებინათ ერთი პუნქტი ამ კანონის, რომელი ნაწილი ზღუდავს ადამიანის უფლებებს და იქიდან დუმილი იყო, ვინაიდან ასეთი მუხლი ამ კანონში არ არსებობს. ყველას კარგად გვახსოვს ისტერიკა, როდესაც ექვსგვერდიან უმარტივეს გამჭვირვალობის კანონზე იყო საუბარი და მხოლოდ დეკლარირებას ვითხოვდით.

ახლა „გრანტების კანონთან“ დაკავშირებით იმავეს აგრძელებენ. ეს კანონი ერთადერთ რაღაცას ემსახურება, უცხოურმა ფულმა ქართულ პოლიტიკაში არ იტრიალოს. ისევე, როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ უცხოურ ძალებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან უცხოურ დაფინანსებას უცხო ინტერესი მოჰყვება და პოლიტიკაში ეს არ უნდა მონაწილეობდეს.

ამ შემთხვევაში ანალოგიურზე ვსაუბრობთ, უბრალოდ პოლიტიკის ირიბად დაფინანსებას ვზღუდავთ, თორემ დანარჩენი ნებისმიერი ტიპის გრანტს, რომელიც შეიძლება, „ენჯეო“ ორგანიზაციაზე გაიცეს, მთავრობა მხოლოდ მიესალმება, თუ ის საქართველოს გამოადგება.

ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ამ შემთხვევაშიც, რომ იცლიან საქართველოსთვის ძალიან უცნაურია. იმდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ის დაპირებაც დაივიწყეს, რაც უკრაინისთვის ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჰქონდათ მიცემული, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით გახდებოდა. ამდენი ტყუილის შემდეგ, პირველ რიგში, უხერხულია უკრაინელ ხალხთან მიმართებით.

აერთოდ, როგორ ბედავენ რამე ტიპის განცხადების გაკეთებას ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას რაიმე ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.