ლევან მაჭავარიანი: ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!
„ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!“ - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერავის აღიქვამს პარტნიორად, რომელსაც სურს მხოლოდ თითი დაუქნიოს და რაღაც ბრძანება შეასრულებინოს.
„ისინი [ბრიუსელი] იმყოფებიან თავიანთი შექმნილი ცრუ ნარატივების ტყვეობაში. 4-5 წლის განმავლობაში ისეთი ნარატივი შექმნეს, ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოვიდნენ. მათ ხელს შევუწყობთ და სახეს შევანარჩუნებინებთ, ყველაფერი შეგვიძლია გადავფურცლოთ და დავივიწყოთ. საღად მოაზროვნე ქართველი არ მეგულება, ვისაც დღეს ჰგონია, რომ ის [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი ქართული არ იყო.
ჩვენს შემდეგ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მიიღო. საფრანგეთმა სამი კვირის წინ ისე გაამკაცრა და ისეთი სანქციები უწერია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ჩვენს კანონში საერთოდ არაა.
თუ ეს კანონი მოქმედებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ჩვენ აგვიკრძალოს, ან მინიმუმ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, დასხდნენ და გვითხრან, რომელი მუხლი, ან პუნქტი არღვევს ადამიანის უფლებებს, ან ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
ვერავის აღვიქვამთ პარტნიორად, რომელსაც სურს მხოლოდ თითი დაგიქნიოს და რაღაც ბრძანება შეგასრულებინოს. ანტი ლგბტ კანონიც წითელი ხაზია და თუ ვინმე აგვიხსნის რატომ უნდა მოვატყუოთ ჩვენი საზოგადოება და დავაჯეროთ, რომ ორ სქესზე მეტმა შეიძლება ისარგებლოს და ჯანსაღია ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და ბაღებში, ჩვენც ვეცდებით დავარწმუნოთ ქართველი ხალხი.
რაც შეეხება მოსამართლეების ნაწილს, თავიდან იმასაც ამბობდნენ, სასამართლო სისტემაში არ ვერევითო. უკვე ოფიციალურ მოთხოვნად წაგვიყენეს, რომ მოსამართლეები ჩვენ უნდა დაგინიშნოთ, ბრიუსელიდანო. შემდეგი მოთხოვნაა, რომ ცესკო უნდა აკონტროლოს მათმა კონტროლირებადმა აგენტურულმა ოპოზიციამ. ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!“ - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.