ლევან მაჭავარიანი სუს-ის მუშაობაზე: ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი ეფექტური მუშაობა იყო ტერორიზმის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, რამდენიმე მსხვილი ქეისი ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა ქვეყანა ძალიან დაზიანებულიყო
ინსტიტუციური გაძლიერებისთვის განხორციელებულ ცვლილებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა „იმედის კვირასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას ვიხილეთ თუ როგორი ეფექტური მუშაობა იყო ტერორიზმის წინააღმდეგ.
„ფაქტობრივად, რამდენიმე მსხვილი ქეისი ვნახეთ, სადაც შეიძლებოდა ქვეყანა ძალიან დაზიანებულიყო, როდესაც იგივე ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა და გატარება ხდებოდა საქართველოდან. როდესაც შეიარაღება აღმოაჩინეს სამალავებში თბილისთან მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მან.
ლევან მაჭავარიანმა ასევე შეაფასა გეკა გელაძის მუშაობა.
„გეკა გელაძეზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წელიც არ იყო იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და ასევე ყველას დაგვანახა თუ როგორ არის შესაძლებელი ძალიან ეფექტური ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ. მანაც, ფაქტობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა ეს უწყება და რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ რჩება იმასთან დაკავშირებით, რომ გეკა გელაძე ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა მან.