Loading data...
ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში

„სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, როგორც შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში, ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთისთვის უფრო რთული იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა.

„მანამდეც ვიხილეთ ასეთი ტიპის განცხადება პოლონეთის მაღალჩინოსნების მხრიდან, ასევე, დანიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ თითქოს უკრაინა მათთვის არის დროის მოგების საშუალება. 

სამწუხაროდ, ისინი ზუსტად იმავე სცენარს გეგმავდნენ საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უფრო რთული იქნებოდა - ერთი ფრონტის მაგივრად ორ ფრონტზე ყოფილიყო გაშლილი საბრძოლო მოქმედებები და აქედან გამომდინარე, იყო ის წნეხი და ზეწოლა ჩვენზე, რომ ჩვენ გაგვეხსნა „მეორე ფრონტი“ და უფრო დაგვემძიმებინა რუსეთისთვის მდგომარეობა“, - აღნიშნავს მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ახლა, დროის მოგების მიზნით, უკრაინა ევროკავშირს უფრო სჭირდება, ვიდრე უკრაინას ევროკავშირი“.