Loading data...
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აუცილებელია, რომ მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან

„სარჩელში წარმოდგენილია ბრალდებები, რომელიც მიესადაგება ინდივიდუალურად პარტიებსაც, კოლექტიურად პარტიებსაც, თუმცა ჩვენ ვამბობთ და ვამტკიცებთ სასამართლოში იმას, რომ ეს არის კოლექტიური ძალა, რომელსაც ერთი გარე ხელმძღვანელი ჰყავს, იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალით, შესაბამისად, ისინი თანამოზიარეები უნდა იყვნენ იმ ყველა დანაშაულებისა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ბრიუსელთან დიალოგის შეჩერება საკონსტიტუციო სარჩელს არ უკავშირდება.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გავლენას ვერ მოახდენს ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგების ან გაუარესების კონტექსტში.

„150 პარტია ბოლო ათწლეულში ევროპაში აკრძალული. ვიხილეთ 20-ზე მეტი პარტია უკრაინაში აკრძალული. ვიხილეთ 8 პარტია, ჯამში თავის მემკვიდრე პარტიებთან ერთად მოლდოვაში. არავის რეაქცია არ ჰქონია. ამბობდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ, ვინაიდან, ეს პარტიები ანტიკონსტიტუციურად იქცეოდნენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, აუცილებელია, რომ მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან.

„დღეს კონკურენციაში ვერ შედიან ისეთი ახალგაზრდები, ვისაც სურთ პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები, ვინც ჩვენ გაგვიწევენ ჯანსაღ ოპონირებას. და რატომ? იმიტომ, რომ ეს ძალები ფინანსდებიან გარედან, მხარდაჭერა აქვთ გარედან ე.წ. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის. აქვთ უზარმაზარი რესურსი, აქვთ ტელევიზიები, აქვთ ონლაინ მედიები. შესაბამისად, ძალიან რთულია კონკურენციაში შესვლა.

როდესაც გაქრება აგენტურული პარტიები პოლიტიკური ველიდან, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს გაცილებით დიდი მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა“, - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.