ლევან მაჭავარიანი: საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა, მათ დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული, ყველა ყველაფერს კარგად ხვდება
„ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საქმე არსებით განხილვაში რომ სტრასბურგის სასამართლოში გადავა, ძალიან კარგია, კიდევ ერთხელ დადასტურდება არსებული სპექტაკლი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გარემოებები ტყუილსა და სიყალბეზეა აგებული.
„საია-მ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზა. მათ, ერთი მხრივ, დამალეს, რომ ხელოვნურად თითქოს სამი საჩივარი იყო შესული. დროებითი ღონისძიება, რომელიც მოითხოვეს სტრასბურგის სასამართლოდან, რომ გაეუქმებინა არჩევნების შედეგები, თავადვე იცოდნენ, რომ განწირული იყო მარცხისთვის. ეს ყველაფერი არც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში. სირცხვილი რომ თავიდან აერიდებინათ, იტყოდნენ, ეს ჩვენი საჩივარი არ არის, ეს ვინმე ალავიძის საჩივარია. ყველა ყველაფერს კარგად ხვდება.
რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საქმე არსებით განხილვაში რომ სტრასბურგის სასამართლოში გადავა, ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ დადასტურდება მათი სპექტაკლი. თუმცა აქაც კითხვის ნიშნები ჩნდება შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით, ისინი დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ სამხილები ჰქონდათ. 400 000 ხმა რომ გაყალბდა, პირადობა ჩამოერთვა ასი ათას მოქალაქეს, რატომ არ არის სარჩელი შესული ამ გაყალბებასთან? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტყუილზე და სიყალბეზე იყო აგებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, მათივე მხარდამჭერებიც კარგად მიხვდნენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.
ამასთან, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საჩივრებიდან დგინდება, რომ მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მისივე თქმით, ევროპული სასამართლო რასაც გადაწყვეტს საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც.