ლევან მაჭავარიანი: საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი, მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.
„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩნდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა.
ამ შემთხვევაში კი, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა.
მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
კითხვაზე, რა მიზანს ემსახურება პაველ ჰერჩინსკის განცხადება? მაჭავარიანმა უპასუხა:
„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს არის ევრობიუროკრატების პოზიციის გაზიარება. რა თქმა უნდა, მათი დავალებით მოქმედებს. მიზანი მხოლოდ ერთია - რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან. ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამით რადიკალურ ოპოზიციას რეიტინგს მოუმატებენ და ჩვენ დაგვაკლებენ. თავისი თვალით იხილეს, ბრიუსელმა რადიკალების მაგივრად წინასაარჩევნო კამპანია როცა ჩაატარა, ჩვენი ხალხი როგორ გაერთიანდა და „ქართულ ოცნებას“ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა“.