Loading data...
ლევან მაჭავარიანი: სადაც 30-40-50 ადამიანის ძლივს იკრიბება, იქ ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტროტუარზე დგომით

„სადაც 30-40-50 ადამიანის ძლივს იკრიბება, იქ რა თქმა უნდა ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტროტუარზე დგომით“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გამოეხმაურა აქციის იმ მონაწილეების ქმედებებს, რომლებიც გამკაცრებული კანონის მიუხედავად გზის ხელოვნურად გადაკეტვას აგრძელებენ. მისივე შეფასებით, ესეც არის მორიგი მცდელობა იმისთვის, რომ საინფორმაციო ხმაური ატეხონ.

„როგორც დემონსტრაციულად დაავალეს კანონის დარღვევა გარე უფროსებმა რადიკალური ოპოზიციური ლიდერების სპექტრს და ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ შემდეგ მეტი საინფორმაციო ხმაური ყოფილიყო, ზუსტად ანალოგიურს ვადევნებთ ახლა თვალყურს. სადაც 30-40-50 ადამიანის ძლივს იკრიბება, იქ რა თქმა უნდა ისინი უნდა დაკმაყოფილდნენ ტროტუარზე დგომით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გრძელდება - ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ, პოლიციის მოწოდების მიუხედავად, გზა ხელოვნურად ისევ გადაკეტა. კვლავ უკეთიათ ნიღბები, რომელიც, კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია.