Loading data...
ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტთან, შესაბამისად, მაჭავარიანის განცხადებით, სააკაშვილის კეთილშობილებაზე საუბარი არასერიოზულია.

„სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება. მსგავსი შემიძლია ძალიან ბევრი ჩამოვთვალო.

ადამიანი, რომელსაც არც სინდისი, არც ნამუსი არ გააჩნია, ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც საზრდოობდა იმ კრიმინალური რეჟიმით, რასაც ჩვენ ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ვაკვირდებოდით ცხრა წლის განმავლობაში. შესაბამისად, სააკაშვილის კეთილშობილებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაული ჰქონდათ მათ ჩადენილი, დედამისს ერთ ლარად გადასცა უნივერსიტეტი, თვითონ სააკაშვილის ერთ-ერთი ბრალიც კორუფციასთან დაკავშირებით იყო. 9 მილიონ ლარზე არის საუბარი და შემდეგ, როგორც სჩვევიათ ხოლმე „ნაცებს“, დაბრენდეს რაღაც პიჯაკების საკითხად, რომ გაეუბრალოებინათ თემა. მე არ მგონია რამე პიჯაკი 9 მილიონი ლარი ჯდებოდეს, ეს პირდაპირ მისი ფუფუნების საგნებში გადახდილი თანხა იყო და მისი კომფორტისთვის დახარჯული ფული, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.