ლევან მაჭავარიანი: როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“ მოქმედებს
„როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“ მოქმედებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატმა უკრაინასთან მიმართებით, ევროკავშირის დაპირებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ვნახეთ ცრუ დაპირებები უკრაინასთან მიმართებით. როდესაც მას ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ნატოში მიღებას, გაყინული რუსული აქტივების გადაცემას, ჰპირდებოდნენ, რომ დასავლეთის დახმარებით, აუცილებლად დაამარცხებდა რუსეთს, ასევე, იმას, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით აღმოჩნდებოდა და ახლა ბატონმა მერცმა თქვა, რომ საერთოდ არც განიხილება 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში მიღება და ახლა მორიგ დაპირებას გასცემენ, ეტყვიან, რომ როდესაც ისინი რუსეთს დაამარცხებენ, შემდეგ მიიღებენ ევროკავშირში.
ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს და შესაბამისად, როდესაც არის კრიზისული სიტუაცია, არ უნდა მიენდო არავის დაპირებას და უნდა იმოქმედო პრაგმატულად, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც „ქართული ოცნება“ მოქმედებს“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.