Loading data...
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: 14 წელია, გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ

„ფაქტობრივად, ლოგიკიდან თავიდან ბოლომდე არის ამოვარდნილი ისეთი მიდგომა, როდესაც უნდა დაასანქცირონ ჩვენი კომპანიები აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის, ყველანაირი არგუმენტის გარეშე და ამავდროულად, რაღაცა უნივერსიტეტებმა უნდა დაიწყონ მეგობრობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რუსეთის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, ქართული პროდუქციის აკრძალვის პარალელურად უნივერსიტეტები უნდა დამეგობრდნენ.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს ყველანაირ თანმიმდევრობას აცდენილია და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

„14 წელია, ჩვენ გვაბრალებენ პრორუსულობას და ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა ვერავინ, თუ რით გაიზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გააკეთეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ გააკეთეს რუსეთის სასარგებლოდ.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ 2007 წელს აღუდგინეს საზღვრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქს, რა საზღვრებითაც დღეს მიმდინარეობს ბორდერიზაცია, შეიყვანეს ახალგორი ამ საზღვრებში, შემდეგ კოდორის ხეობას დაარქვეს ზემო აფხაზეთი, უმტკივნეულოდ გადააბარეს ოკუპანტს, მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი, სადაც დააბრალეს ჩვენს სამხედროებს ომის დაწყება, ომის დანაშაულების ჩადენა, მოაწერეს ხელი ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია, რომ ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთს განეხორციელებინა სამხედრო აგრესია. გადამალეს კასეტური ბომბის, ისკანდერის ნაწილები, რომლებიც მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში, გადაუფორმეს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მათი მოღვაწეობა ეფუძნებოდა იმას, რაზეც სააკაშვილმა დაწერა პოსტი, რომ ბატონმა ივანოვმა გაუნაწილა მათ თანამდებობები და შესაბამისად, იგი გაჰყვა თავისი ბიძის კვალს, რომელიც გახლავთ „კაგებეს“ პოლკოვნიკი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.