Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე

ოპოზიცია აჟიტირებული და ღლიცინის რეჟიმში იყო, გეგონება არჩევნები ჰქონდათ მოგებული, არადა ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება ამ მოვლენებთან დაკავშირებით არ არის გასაკვირი, რადგან ყველას ახსოვს, ვიზალიბერალიზაცია იქნებოდა თუ კანდიდატის სტატუსის საკითხი, ოპოზიცია დადიოდა და ამ პროცესს ხელს უშლიდა.

„ოთხივე ოპოზიციური პარტიის წერილი არსებობს, ოთხივე პარტიის ხელმოწერით ბრიუსელში რომ გააგზავნეს 2024 წლის წაგებული არჩევნების შემდეგ, სადაც იხვეწებოდნენ საქართველოს დასანქცირებას. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა არავის უკვირს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „იმედიც“ და „პოსტივიც“ ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას.

„ქვეყნის გარეთ მიღებული ეს გადაწყვეტილებები არის მაშველი რგოლი, ერთი, რომ დაანახონ გარე ძალებმა, ვისაც ისინი ემსახურებიან, ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, რომ მათ გვერდში დგანან და ცოტა ხასიათზე რომ მოეყვანათ.

ფაქტობრივად ძალიან მოწყენილები არიან ისინი მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში. ნახეთ როგორი აჟიტირებულები იყვნენ, ღლიცინის რეჟიმში, გეგონება არჩევნები ჰქონდეთ მოგებული. არადა ჩვეულებრივი თავდასხმა მოხდა დამოუკიდებელ მედიაზე.

დიდი არც არაფერი, ჩვეულებრივად გააგრძელებს „იმედიც“ და „პოსტივიც“ მაუწყებლობას. ეს აჟიოტაჟიც რით იყო გამოწვეული, ვერ ვხვდები“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ელჩები ახლა თვითონვე ადასტურებენ იმას, რაზეც დიდი ხანია „ქართული ოცნება“ საუბრობს, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით.

„თქვენ ხომ გახსოვთ, თავიდან ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ გვაბრალებსო, ჩვენ არ ვაიძულებთ საქართველოს, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთსო. მერე ორ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს და მოგვთხოვეს ეს. ახლა კიდევ სულ ნიღაბი აქვთ ჩამოხსნილი და უკვე ელჩები აკეთებენ ამ განცხადებებს.

ეს ყველაფერი ერთი მხრივ ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო არ სჯეროდა „ქართული ოცნების“, ახლა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო აბსოლუტურად უალტერნატივო“, - დასძინა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.