Loading data...
ლევან მაჭავარიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: გვარამიამ უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო, ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი აქეთ ეხმარებოდა საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან, რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში

სიცრუე, უტიფრობა და საზოგადოების გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც დღეს სხდომაზე თქვა, რომ ემიჯნება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო პროექტებს ბიუჯეტის ფულით ახორციელებდა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეალურად, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში თანხები თავად შეჰქონდა, აფინანსებდა პოლიციის, ჯარის და განათლების რეფორმას, რაც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის თქმით, გვარამიამ თავისი განცხადებით უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო.

„ამ განცხადებით ბატონმა გვარამიამ უტიფრობის ახალი სიმაღლეები დაიპყრო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქეთ ეხმარებოდა საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისიდან, რამდენიმე მილიარდი აქვს დახარჯული მხოლოდ ქველმოქმედებაში. ეხმარებოდა შევარდნაძის ხელისუფლებას პენსიების გაცემაში, ხელფასების გაცემაში, ეხმარებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, როდესაც ტარდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი რეფორმები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ გატარდებოდა, იგივე საპატრულო რეფორმა და რასაც სჭირდებოდა ძალიან დიდი თანხების ჩადება და დღემდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს და მისი ოჯახი უპრეცედენტო ქველმოქმედებას საქართველოში და ისიც აღსანიშნავია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს არცერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.