Loading data...
ლევან მაჭავარიანი მათიკაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე: გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების შემთხვევები

გრძელდება ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინების შემთხვევები, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი დეპუტატ დავით მათიკაშვილთან დაკავშირებით მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით,  „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან ყოველთვის დგას „ენჯეო“ ან ოპოზიციური პარტია. 

„გრძელდება მათი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ აღშფოთებული მოქალაქე იყო, თუმცა 100-ვე პროცენტის შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ყოველთვის ამ „აღშფოთებული“ მოქალაქის უკან დგას რომელიმე რადიკალური „ენჯეო“ ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტია“, - აღნიშნა  ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მოქალაქე მისთვის უცნობი ქალბატონი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე  ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე იყო.