ლევან მაჭავარიანი: ლორა თორნტონი ჩვენი ქვეყნის მტერია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, სადაც რევოლუცია მომხდარა, ყველგან „ენჯეოები“ იყვნენ ამის ავანგარდში.
ამასთან, მაჭავარიანი ამბობს, რომ მდიდარ „ენჯეოებს“ საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა ჰქონდათ.
დეპუტატმა ქალბატონ ლორა თორნტონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მტერია.
„რა თქმა უნდა, არის „ენჯეოების“ ნაწილი, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურება, მათ შორის - საქართველოშიც, მაგრამ არიან ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ - კოლექტიური გიგაურები, კოლექტიური ლომჯარიები და ეს ქსელი შექმნილი არის, რა თქმა უნდა, „დიფ სთეითის“ მიერ. ბატონი ჯორჯ სოროსი უდგას ამ პროექტს სათავეში. ბატონი ჯორჯ სოროსის სახელის და გვარის გახსენებაზე, არ მგონია ვინმეს რაიმე პოზიტიური ემოცია ეუფლებოდეს. ჩვენ თუ გადავხედავთ უახლეს ისტორიას, კიდევ უფრო წარსულს, სადაც რევოლუციები და ე.წ. „რეჟიმ-ჩეინჯები“ მომხდარა, ყველგან „ენჯეოები“ იყვნენ ამის ავანგარდში და ჩვენთანაც, როდესაც რევოლუციის უკვე ოთხი მცდელობა იყო, რომ გავიხსენოთ 2022 წელი, როდესაც უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, „ენჯეოები“ ავიდნენ სცენაზე და მთავრობის გადადგომას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ.
ქალბატონ ლორა თორნტონზე ბევრი რა ვისაუბრო, ადამიანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია პირდაპირი მნიშვნელობით. მან გაიდლაინი გადასცა არჩევნებამდე რადიკალურ ოპოზიციას, სულ რომ ძალიან დიდი ანგარიშით წააგოთ, მაინც ასე უნდა იმოქმედოთო და რა იყო მოქმედების გეგემა? მოქმედების გეგმა იყო ის, რომ საპროტესტო მუხტი გადაეტანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში. გვახსოვს გულის დაწყვეტა, როდესაც აქციებიდან სულ რაღაც 2 კვირაში განცხადება გააკეთა, ძალიან წუხს, რომ მსხვერპლი ვერ ნახა ამ აქციებში, შემდეგ შემდეგი გაიდლაინი გადასცა, თუ როგორ უნდა გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია.
მდიდარი „ენჯეობის“ გარდა, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ემსახურება გლობალურ ომის პარტიას. ყველასთვის ნათელია, დავალებას მათგან იღებენ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.