Loading data...
ლევან მაჭავარიანი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა საბაბით

ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა საბაბით, რათა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუ კანონს ოპოზიცია მხარს დაუჭერს, თავიანთი ამომრჩევლის გულს მოიგებს, მაგრამ დაიტუქსება უცხოელი უფროსებისგან.

„ჩემი დაკვირვებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი ამომრჩევლის და ოპოზიციის ამომრჩევლის სრული თანხვედრაა, ეს არის ამ თემის გარშემო. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ეს კანონი იყოს მიღებული.

ოპოზიციამ ბოიკოტი მოიგონა სხვადასხვა საბაბით, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ თუ შემოვლენ პარლამენტში და ამ კანონს მხარს დაუჭერენ, რა თქმა უნდა, თავიანთი ამომრჩევლის გულს მოიგებენ, მაგრამ დაიტუქსებიან თავიანთი უცხოელი უფროსებისგან. თუ შემოვლენ და არ დაუჭერენ მხარს, მაშინ შეაქებენ თავიანთი უცხოელი უფროსები, მაგრამ დაკარგავენ თავიანთ ამომრჩეველს.

შესაბამისად, სხვა გზა არ ჰქონდათ დარჩენილი და რაღაცები მოიფიქრეს, თითქოს სხვა თემების გამო იმყოფებიან ბოიკოტში. რეალური მიზეზი ეს არის“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.