ლევან მაჭავარიანი: ხაზი გავუსვი ჩვენს მზადყოფნას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ვიხილეთ შტატების სახელმწიფო დოკუმენტი, სადაც პირდაპირ ასახულია, რომ NATO არ უნდა გაფართოვდეს
NATO-ს შემთხვევაში, ჩვენი მზადყოფნა ძალიან კარგად იცის ალიანსმა და ეს ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატები“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც დეკემბერში მიიღეს, სადაც პირდაპირ ასახულია, რომ NATO არ უნდა გაფართოვდეს.
„NATO-ს შემთხვევაში, ჩვენი მზადყოფნა ძალიან კარგად იცის ალიანსმა და ეს ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს. ჩვენ ყველაფერი საქმით გვაქვს დამტკიცებული, იგივე ავღანეთის, ერაყის მისია, სადაც ჩვენ ძალიან დიდი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილები, ამ მისიებში ქართველების სისხლი დაიღვარა. ჩვენი კონტინგენტი იყო არა NATO-ს წევრ ქვეყნებში და ჩვენი კონტინგენტის სიდიდით ნომერ პირველები ვიყავით. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ყველა ჭრილში გვაქვს დამტკიცებული, თუმცა, სამწუხაროდ, იქაც წავაწყდით უსამართლობას. მინდა, შევეხო 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, როდესაც იქ საქართველოზე და უკრაინაზე გაცხადებული იყო, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრი ქვეყნები, თუმცა კონკრეტული მექანიზმი არ ყოფილა იქ შემოთავაზებული და ამ ყველაფერს შეგვიძლია უსამართლობაც დავარქვათ, რადგანაც არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ ალიანსის წინააღმდეგ არიან და როდესაც შენ გასახელებენ ქვეყნად, რომელიც პოტენციურად უნდა გაწევრიანდე და კონკრეტული მექანიზმი არ არის განმარტებული და არ არის დანახული დროსა და სივრცეში - ამ შემთხვევაში შენ რაღაც უხერხულობას აწყდები. თუმცა დღეს ჩვენ რომ NATO-ზე ვისაუბროთ, ეს საკითხი დღეს არ არის სასაუბროდ აქტუალური იქიდან გამომდინარე, რომ ვაკვირდებით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები.
მე ხაზი გავუსვი ჩვენს მზადყოფნას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც დეკემბერში მიიღეს, სადაც პირდაპირ ასახულია, რომ NATO არ უნდა გაფართოვდეს, ფაქტობრივად, ეს პირდაპირ მოცემულობად არის მიღებული. ჩვენ NATO-ში იმასაც ვაკვირდებით, თუ როგორი არაჯანსაღი მოვლენები ვითარდება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად აცხადებს, რომ აპირებს NATO-დან გასვლას. როგორ იქნება ხვალ და ზეგ, ეგ ჩვენ წინასწარ არ ვიცით, შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ ვისაუბროთ, როდესაც დავინახავთ, თუ რა ბედი ელის ზოგადად NATO-ს - ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს NATO-სთან მუშაობას, აპირებს გამოსვლას, თუ როგორ განვითარდება იქ მოვლენები“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.