ლევან მაჭავარიანი: ისეთი ტიპის არც თხოვნას და არც დავალებას შევასრულებთ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა მშვიდობის შენარჩუნებაა და სწორედ „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი.
დეპუტატის თქმით, მთავარი გამოწვევა მშვიდობის შენარჩუნებაა.
ამასთან, მაჭავარიანი ამბობს, რომ პარტნიორებისგან რჩევას, თხოვნას ყოველთვის გაითვალისწინებენ, თუმცა ისეთი ტიპის თხოვნას, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, არასდროს არ გაითვალისწინებენ, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში.
„რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა მშვიდობის შენარჩუნებაა. რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში და როგორ რთულად არის ვითარება. ძალიან გამოცდილი ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოში არის მესამე მსოფლიო ომის რისკი, ღმერთმა გვაშოროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება.
ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, ვინარჩუნებთ მშვიდობას იმ ზეწოლის და წნეხის ფონზე, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, რომელიც გრძელდება უკვე 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი, ღირსების გარანტიც „ოცნებაა“, როდესაც ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ გვიკარნახებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებისგან რჩევას, თხოვნას ყოველთვის გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს თხოვნა და რჩევა მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული, მაგრამ, როდესაც მოდის ისეთი ტიპის თხოვნა და მით უმეტეს მითითება, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ამას არასდროს არ გავითვალისწინებთ და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა მხოლოდ საქართველოში.
ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის, როდესაც ისინი ნებისმიერ დავალებას, როგორც არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყანა, უსიტყვოდ ასრულებდნენ, ჩვენ ასეთი ტიპის არც თხოვნას და დავალებას არ შევასრულებთ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.