Loading data...
ლევან მაჭავარიანი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე: ოპოზიცია სპეკულირებს, რომ მისი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება, ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“

„ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ტოპ 3 ქვეყნების რიცხვში კორუფციის სიმცირის კუთხით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ კორუფციასთან საბრძოლველად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

„პირველივე დღიდან ყველა სამთავრობო განკარგულება გახადა გამჭვირვალე, მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების წესი, ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც კონკრეტულად კორუფციის აღმოფხვრას და გამოვლენაზე მუშაობს, გაძლიერდა აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გახდა მამუკა მდინარაძე და იცით, რომ სუსის ერთ-ერთი ფუნქციაა კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა.

ასევე, ირაკლი კობახიძის ინიციატივით მივიღეთ ახალი კანონი, რის მიხედვითაც თუ ადამიანს ჰგონია, რომ ის კორუფციაზე იქნება ბრალდებული, გადამალავს თანხებს, გამოვა ციხიდან და ისარგებლებს ამ თანხებით, 30 წელი მოუწევს მას და მისი ოჯახის წევრებს დეკლარაციის ჩაბარება, ეს არის სერიოზული პრევენცია.

პრემიერის ინიციატივით შეიქმნა შესყიდვების ცენტრალიზებული სააგენტო და შესყიდვების პროცესი იქნება მთლიანად გაციფრულებული, ბაზრის კვლევა იქნება ასევე გაციფრულებული, ერთ მოდულში მოიყრის თავს აბსოლუტურად ყველა შემსყიდველი და მიმწოდებელი ორგანო, შესაბამისად აქაც ნულამდე დავა გარიგების რისკი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე, ისაუბრა გრიგოლ ლილუაშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეზეც.

მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს იმაზე, რომ მათი დაკავება არის შიდა კლანური დაპირისპირება.

„ეს რომ კლანური დაპირისპირება იყოს, ჩვენ არაფერს გარეთ არ გამოვიტანდით, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. ასეთი თემების გარეთ გამოტანა არის პოლიტიკური დარტყმა ჩვენს პარტიაზე და ეს ჩვენი პარტიის რეიტინგზე აისახება. ეს ჩვენი გუნდისთვის არის წაგებიანი, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, შესაბამისად ყველაფერი გამოვა გარეთ, სადაც ამის ნიშნები იქნება.

მნიშვნელობა არ აქვს ვის რა პოზიცია ეკავა, ყველასთან ვიქნებით დაუნდობლები კორუფციაზე, ორგანიზებულ დანაშაულზე და ნარკორეალიზატორებზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.