ლევან მაჭავარიანი: გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს
„ერთი ასეთი ფრაზა მახსენდება ოტია იოსელიანის: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობს“ ეს ბატონ გახარიას შეეფერება, რომელიც გვმოძღვრავს უცხოეთიდან, თითქოს, რაღაც სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს. ყველაზე კარგად ჩვენ გუნდს მოგვეხსენება, თუ რატომ შეეფერება ეს ყველაზე კარგად გიორგი გახარიას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატი ფაქტებით ამხელს გახარიას პარტიის წევრებს, თუ რატომ წარმოადგენენ ისინი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.
„საზოგადოებას ძალიან ბევრჯერ აქვს მოსმენილი გახარიას მხრიდან 3 თუ 4 სხვადასხვა ვერსია, თუ რატომ გადადგა, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მისი შეცვლილი ჩვენება, ჩორჩანაზე მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ა.შ.
მინდა ფაქტებით ჩავყვე თუ რატომ წარმოადგენთ თქვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რაზეც ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა და ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, თორემ ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. როდესაც ბატონი გახარია პოლიტიკაში შემობრუნდა ეს იყო, როდესაც ჩვენ დაგვიწესეს 43 %-იანი ბარიერი და ზუსტად გარე მითითებით მაგ დროს შემობრუნდა აცხადებდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო, რომ ჩვენგან ხმები წაეღო და ვერ გადაგველახა 43 პროცენტი. ჩვენ მაინც შევძელით 47%-ის აღება ამის მიუხედავად, თუმცა იმამს შევახსენებ საზოგადოებას და თქვენ - ჩვენო კოლეგებო დღეს უკვე, 4 მუნიციპალიტეტში შექმენით კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ეს არის პირდაპირი პარტნიორობა, ეს ხომ ფაქტია! ამას ხომ ვერ გაექცევით?!
ამის შემდეგ 2022 წელი დადგა - ურთულესი წელი საქართველოსთვის, სადაც დანის პირზე ვიარეთ, რომ ომში არ აღმოვჩენილიყავით და თქვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, მდიდარ ენჯეოებთან ერთად აწარმოებდით საქართველოს გაშავების კამპანიას, თითქოს, საქართველო იყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით - ეს ხომ კარგად გახსოვთ?! ისიც ხომ კარგად გახსოვთ, ჩვენი ძალისხმევით ჩამოვიდნენ: ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების კოორდინატორები და დაადასტურეს, საქართველო ხუთიანზე მუშაობდა ამ მიმართულებითაც, ერთი ბოდიშიც არ მოგიხდიათ.
კარგად გვახსოვს რამხელა ისტერია იყო გამჭვირვალობის უმარტივეს 6-გვერდიან ქართულ კანონზე, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ერთ რამეს, ენჯეოორგანიზაციებს უნდა დაედეკლარირებინათ - რა თანხა ჩაერიცხათ და სად გადარიცხეს და თქვენ, ამ კამპანიაში, რასაც რუსული კანონი დაერქვა, აქტიური მონაწილეობა მიიღეთ, ნაცმოძრაობასთან, მდიდარ ენჯეობთან ერთად, გარე უფროსების დავალებით, ვინაიდან ერთი ვერტიკალით იმართებით.
მართლა გულწრფელად გეკითხებით ოდნავ მაინც არ გერიდებათ მოქალაქეების, რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თვე-ნახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამან ხომ ოჯახებში, სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწვია? და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული - დეკლარაციის შევსება?! ხომ გადმოვიღეთ „ფარა“ სიტყვასიტყვით, მაგაზე რას იტყვით, რატომ ვერაფერს ვერ ამბობთ?! მაგაზე ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებასთან!
ანტი ლგბტ კანონს მინდა შევეხო, სადაც მთლიანად კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბაბებით თავი დააღწიეთ იმას, რომ ამ დარბაზში არ მსხდარიყავით, ვითომ ბოიკოტში იყავით და რატომ? იმიტომ რომ გარე უფროსებისგან საყვედური არ მიგეღოთ. თქვენი პარტია მესამე მოსმენაზე არ შემოსულა ამ დარბაზში და შემდეგ მოსახლეობის გაბითურებას ცდილობდით ბრიფინგებით, ტყუილებს იძახდით. თქვენ მესამე მოსმენაზე უფლება გქონდათ, ჩვენ ცალ-ცალკე ვუყრიდით კანონებს კენჭს და მხარი დაგეჭირათ იმ კანონისთვის, რომელსაც ეთანხმებოდით და არ დაგეჭირათ, რომელსაც არ ეთანხმებოდით. მაგრამ, ვერაფერს მხარს ვერ დაუჭერდით, იმიტომ, რომ დამოუკიდებლები არ ხართ, იგივე ვერტიკალით იმართებით და სერიოზულ საყვედურს მიიღებდით გარე უფროსებისგან.
მეორეს მხრივ, რომ შემოსულიყავით დარბაზში და მხარი არ დაგეჭირათ, მაშინ ამომრჩევლებს დაკარგავდით, ვინაიდან ვიცით ქართველი ერის ხასიათი და ვიცით, რომ მთელი ერი შეთანხმებულია იმაზე, რომ ეს პრევენციული კანონი აუცილებლად მისაღები იყო. ამის შემდეგ, მოვიდა 2024 წლის არჩევნების პერიოდი, როდესაც ზუსტად ერთი მესიჯ ბოქსით მოქმედებდით თქვენ და დანარჩენი სამი რადიკალური პარტია.
იკრიბებოდით ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო, ხელს აწერდით გაუგებარ ქარტიებს, ერთი მესიჯ ბოქსით გვესაუბრებოდით და პირდაპირ, ღიად აცხადებდით, რომ „ქართულ ოცნებას“ 49% რომ აგვეღო, კოალიციას ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აკეთებდით.
საქართველო გადარჩა იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და 54% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, თორემ ვინ წაიღებდა ძალოვან მინისტრებს, ვინ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და ა.შ, თქვენ ამაზე საზოგადოებას არ ესაუბრებოდით“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.