Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში აქციები ძალადობრივი იყო, თუმცა ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსად უნდა შეფასდეს საქართველოში გამართული აქციებიც, სადაც ანალოგიურად ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას.

მისი თქმით, ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„შეუძლებელია, მსგავსება ვერ დაინახო საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ეს იყო ძალადობრივი აქციები. შეფასებები განსხვავებული იყო. ევრობიუროკრატების პირდაპირი ინტერესი იყო, რომ საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აგენტურას ჩაენაცვლებინა.

აქედან გამომდინარე, ისინი აქციების შეფასებაში იტყუებოდნენ და ამბობდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია იყო. ახლა ევროპის ქვეყნებში ანალოგიურს ვუყურებთ, ანალოგიურად ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას. ამ შემთხვევაში, ისინი ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და ამბობენ, რომ ძალადობრივი იყო. ვეთანხმებით, რომ ეს აქციები ძალადობრივი იყო, მაგრამ ძალადობრივი იყო საქართველოს შემთხვევაშიც.

მიუღებელია, როცა ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, რადგან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები. მათივე გაგმირებული იყო ლაზარე და მსგავსი ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ მცდელობა, პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ. მათი ინტერესი იყო, რომ საქართველოში ისეთი ქაოსი ყოფილიყო, ვითარება უმართავი გამხდარიყო.

ბოლოს კი, ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო და ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც საქართველოს პროქსი ქვეყნად გადააქცევდა. სწორედ ამის გამო დაიწყო ქვეყანაზე თავდასხმები“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.