Loading data...
აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ანალიტიკოსები დონალდ ტრამპის მნიშვნელოვან ტესტს უწოდებენ

აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებს, რომლებიც 3 ნოემბერს ჩატარდება, ანალიტიკოსები დონალდ ტრამპისა და „რესპუბლიკური პარტიის“ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტესტს უწოდებენ. მთავარი შეკითხვაა - შეძლებენ თუ არა „რესპუბლიკელები“ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის შენარჩუნებას, თუ „დემოკრატები“ პრეზიდენტის ინიციატივების ბლოკირებას და გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას მიიღებენ.

აშშ-ში შუალედური არჩევნების პროგნოზი ვირჯინიის უნივერსიტეტის, ჰარვარდის უნივერსიტეტის, Silver Bulletin-ის და Cook Political Report-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

კვლევების მიხედვით, „დემოკრატიულ პარტიას“ აქვს კარგი შანსები, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვოს. რაც შეეხება სენატს, იქ საკმაოდ სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი და საბოლოო შედეგებს ე.წ. „მერყევი შტატები“ გადაწყვეტენ.

ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების ალბათობა 90-95%-ს უდრის, Silver Bulletin ვარაუდობს, რომ ეს პარტია კონგრესის ქვედა პალატაში დამატებით 25 ადგილს მიიღებს.

რაც შეეხება სენატის არჩევნებს, იქაც, კვლევების მიხედვით, „დემოკრატები“ ლიდერობენ, მაგრამ მათი გამარჯვების შანსი ქვედა პალატაში შედარებით ნაკლებია - 60-80%.

„დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორია დონალდ ტრამპის დაბალი რეიტინგი. Reuters/Ipsos-ის ბოლო კვლევების მიხედვით, ის 32%-ს უდრის. ამ კვლევის მიხედვით, კონგრესის არჩევნებში „დემოკრატიულ პარტიას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 53%, ხოლო „რესპუბლიკურ პარტიას“ - 44%.

მეორე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება „დემოკრატების“ გამარჯვებას შეუწყოს ხელი - ფასების ზრდაა. ინფლაცია, საწვავის და ჯანდაცვის ფასების ზრდა კვლავ აშშ-ის ამომრჩევლისთვის მთავარი პრობლემებია. თუ ამომრჩეველი ხმას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხმას წყალს.

მესამე ფაქტორი კი ის არის, რომ შუალედური არჩევნები პრეზიდენტის პარტიისთვის ყოველთვის ძალზე რთული იყო. ამომრჩეველი ამ არჩევნებს ხშირად იმისთვის იყენებს, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება შეზღუდოს.

სენატის არჩევნებში სამი შტატის, მენის, ტეხასის და ალასკის შედეგები იქნება გადამწყვეტი. მენში „რესპუბლიკელი“ სუზან კოლინზი „დემოკრატების“ წარმომადგენელს, ტროი ჯექსონს უპირისპირდება. მათ შორის სერიოზული ბრძოლა გაიმართება. ალასკის და ტეხასის შედეგები, ასევე, გაურკვეველია.

თუ „რესპუბლიკური პარტია“ კონგრესის ერთ პალატაზე მაინც კონტროლს დაკარგავს, ტრამპის პოლიტიკური პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდება. ხოლო თუ „დემოკრატები“ არჩევნებს ორივე პალატაში მოიგებენ, მაშინ ტრამპს საკანონმდებლო პოლიტიკის გატარება გაუჭირდება. კონგრესი გამოძიებების ჩატარებას, გარკვეული ინიციატივების დაბლოკვას და კანონპროექტების დამტკიცების გართულებას შეძლებს. ამასთანავე, პრეზიდენტი აღმასრულებელ უფლებამოსილებას და ვეტოს უფლებას სრულად შეინარჩუნებს.

ანალიტიკოსები წერენ, რომ წარმომადგენელთა პალატის შედეგების პროგნოზთან შედარებით, სენატის არჩევნების შედეგები სოციოლოგიური კვლევების ცდომილების ფარგლებშია. შესაბამისად, იქ სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი და ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალზე რთულია.