Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ასეთი ელჩი ჰყავს, თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ჰყავს ასეთი ელჩი, ფაქტობრივად, მისი სურვილია, ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ვერ აპატიეს ის, რომ მეორე ფრონტი არ გახსნა და პირდაპირ ესკალაციაში არ შევიდა რუსეთთან.

„მათ არ სიამოვნებთ, რომ ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ. ვერ გვაპატიეს ის, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, ვერ გვაპატიეს ის, რომ ჩვენ არ ვატყუებდით საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინა რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა, ვერ გვაპატიეს ის, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ და ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგურეთ, ვერ გვპატიობენ იმას, რომ მოხალისეები არ გავუშვით საბრძოლველად მთავრობის ოფიციალური თანხმობით და პირდაპირ ესკალაციაში არ შევედით რუსეთთან და მსგავსი საკითხი მე შემიძლია ძალიან ბევრი ჩამოვთვალო, ის უალტერნატივო ნაბიჯები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. ვერ გვპატიობენ იმასაც, რომ ჩვენ სიმართლეზე საუბარი დავიწყეთ ყველაზე ადრე და იმ სიმართლეზე საუბარი, რაც გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ. ეს ყველაფერი ასახეს მათ თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში. აი, ამას ვერ გვპატიობენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მმართველი გუნდის დეპუტატმა, ევროკავშირთან ურთიერთობასა და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

„ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების დამოკიდებულება კარგად ვიცით და პირდაპირ გეტყვით, აბსოლუტურად არაფერი დაგვაკლდება, მათი ელჩი საქართველოში იქნება, თუ - არა. რაც შეეხება ბატონ ჰერჩინსკის, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მისგან დეზინფორმაციის მოსმენას მიეჩვია.

რაც შეეხება ბატონ ფიშერს, ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ რადიკალების აქტივისტად, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციაშია მხილებული ,ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ადამიანი, რომელიც პოზირებს ყველაზე ექსტრემისტ-რადიკალ აქტივისტებთან და შემდეგ დებს განცხადებას, რომ თურმე, ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, ადამიანი, რომელიც დადის სასამართლო პროცესებზე, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ახლახან ერთ-ერთი მდიდარი „ენჯეოს“ წარმომადგენელი, კაპიტანი გიგაური, მისი სახლიდან გამოვიდა და სავარაუდოდ, ფარული შეხვედრა ჰქონდათ. იქაც საუბრობდნენ შავი გზებით „ენჯეოსექტორის“ დაფინანსებაზე, როგორც მარტა კოსი და ლორა თორნტონი საუბრობენ და იმუქრებიან უცხოეთიდან. მათ განცხადებებზე პასუხისმგებლები ჩვენ ვერ ვიქნებით.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ელჩი ჰყავს ევროკავშირს და ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიას ჰყავს ასეთი ელჩი და ასეთი ნაშენები ურთიერთობა, ფაქტობრივად, მისი სურვილია, ეს ურთიერთობა დაინგრეს. თუმცა, ჩვენი და გერმანიის ურთიერთობა ერთ ელჩს ნამდვილად არ გადაჰყვება. თუ არ ვცდები, მას მისია ზაფხულში უმთავრდება და იგი თავის ქვეყანაში წაბრძანდება“, - დასძენს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.