ლევან მაჭავარიანი: დიპლომატის, მით უმეტეს ელჩის, როლი არის ის, რომ მან დააახლოოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, სამწუხაროდ, საქართველოში საპირისპიროს ვხედავთ

დიპლომატის, მით უმეტეს ელჩის, როლი არის ის, რომ მან დააახლოოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითაც დიპლომატების როლის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის „ფეისბუკ“ პოსტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნული ყველა ელჩს არ ეხება.
„საზოგადოება თავად ხვდება, რომელ ელჩებზეა საუბარი, რომლებიც აბსოლუტურად არღვევენ ვენის კონვენციას, რომელიც მათ უზღუდავთ შიდა საქმეებში ჩარევას. იგივე ელჩები დადიან სასამართლო პროცესებზე, სადაც საერთოდ არ ესმით ქართული ენა და უბრალოდ, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ. ბატონ ჰერჩინსკიზე შემიძლია ვთქვა, როგორ აქტიურობს და როგორ განცხადებებს აკეთებს. გერმანიის ელჩი აქტიურობს და შემდეგ უწევს ხოლმე ახსნა-განმარტებების კეთება ძალიან ბევრ საკითხზე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
„ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები - ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს“, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.