ლევან მაჭავარიანი დებატების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე: არ არიან იმ მდგომარეობაში, ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს ულტიმატუმი წაუყენონ.
„დებატები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. საზოგადოების დაკვეთაც არის ეს ყველაფერი, მათ სურთ ერთ პლატფორმაზე მოისმინონ განსხვავებული აზრები და შემდეგ უკვე გამოიტანონ დასკვნები იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რასაც წარმოვადგენთ ჩვენ, მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეიძლება იქ პოლიტიკოსები საერთოდ არ იყოს და იყვნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის არის მხოლოდ სასარგებლო.
რაც შეეხება ულტიმატუმებს, მგონი, არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ. ან რა შუაშია რაიმე ულტიმატუმი დებატებთან, პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.